ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.
გთავაზობთ OK! ბათუმის ექსკლუზიურ ინტერვიუს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან.
„ჩვენი მთავარი ხელწერა კარგი გამოცდილებაა, რაც ერთი მხრივ გულისხმობს კარგ სტარტს, მეორე მხრივ კი, ეს არის ენთუზიაზმი და ცვლილებებზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც რეგიონსა და ქვეყანას უკეთესად აქცევს“, − მიაჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს. იგი ფიქრობს, რომ პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, უნდა იყონ ჩართულნი როგორც ახალგაზრდები, ასევე უფროსი თაობა, რათა ქვეყანა ღირსეულად შეხვდეს ყველა გამოწვევას და განვითარებისკენ მიმავალ გზაზე მოწინავე იყოს.
მიუხედავად არაერთი საინტერესო შემოთავაზებისა, დარჩენილიყო სამუშაოდ უცხოეთში, ყოველთვის მიაჩნდა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება, უპირველესად, საკუთარი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამბობს, რომ პასუხისმგებლობა და ჯანსაღი ამბიცია აუცილებელია, რათა იყო მოწინავე იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ, შემდეგ კი, როცა მორჩები აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას, თავაწეულმა გააგრძელო სიარული ახალი მიზნებისკენ. რას ნიშნავს მისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობა, რომელია მისი დადებითი და უარყოფითი თვისებები, რომელ გუნდს გულშემატკივრობს ფეხბურთში და რა ენატრება ყველაზე მეტად − წაიკითხეთ „OK! ბათუმის“ ინტერვიუში.
ბავშვობა... სტუდენტობა... ინტერესები...
ძალზე ბედნიერი ბავშვობა მქონდა. კარგად მახსენდება თითოეული ის წელი, რომელიც ბავშვობას უკავშირდება. ჯერ ვცხოვრობდით რაიონში, შემდეგ ოჯახი სამუშაოდ ბათუმში გადმოვიდა. ბაღში აქ მივედი და იქიდან იწყება ჩემი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, იქ შევიძინე პირველი მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი წელი ბათუმში მაქვს გატარებული, მაღალმთიან აჭარაში არის ჩემი სოფელი „ვაშლოვანი“, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, სადაც სკოლის დამთავრებიდან მეორე დღეს მივდიოდი და სკოლის დაწყების წინა დღეს ვბრუნდებოდი. ყველა ის ადგილი, ხალხი ძალიან მიყვარს და მახსოვს ყველაფერი, რაც მათ უკავშირდება.
დინჯი ბავშვი ვიყავი, ბავშვობიდანვე მქონდა გარკვეული მისწრაფებები. ამას უფრო მიზანდასახულობას დავარქმევ. ყველა იმ საქმეში, რაც მაშინ სწავლაში გამოიხატებოდა, ყოველთვის მქონდა ჯანსაღი ამბიცია, რომ ვყოფილიყავი წარჩინებული და პირველი. ძირითადად, მიდრეკილებები მაინც ჰუმანიტარული კუთხით აღმომაჩნდა. მე-6 კლასამდე ყოფილ 26-ე სკოლაში ვსწავლობდი. გამომაჩნდა მათემატიკის ნიჭი, რამდენჯერმე მათემატიკის სკოლა-ბანკის ვიცეპრეზიდენტი ვიყავი. თუმცა სკოლის ბოლო პერიოდში უფრო ჰუმანიტარული მიმართულებით წავედი. მესამე-მეოთხე კლასში უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი, რომ იურისპრუდენცია იქნებოდა ჩემთვის საინტერესო პროფესია. სპორტის კუთხით, დიდი მიღწევები არ მქონია, უფრო სწავლა-განათლებას ვუთმობდი დროს. მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, დავდიოდი ფორტეპიანოზეც, თუმცა ჩემგან ფორტეპიანოს სპეციალისტი არ გამოვიდა. სხვათა შორის, დღეს რომ შემეძლოს, უფრო გულისხმიერად მივუდგებოდი ამ ამოცანას. მეგობრების წრე ყოველთვის გამორჩეული მყავდა. ეს იყო ხალხი, ვინც იზიარებდა ჩემს მიდგომებს. მართალია, ეს არ იყო განსაკუთრებით დიდი წრე, თუმცა ყოველთვის მიმაჩნია, რომ ვიყავი გუნდური მოთამაშე და შემეძლო გუნდური დინამიკის როგორც ხედვა, ასევე გარკვეულ შემთხვევებში მისი მართვა. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გარდამტეხი როლი მომავალ ლიდერთა გაცვლითმა პროგრამამ ითამაშა, რომლის საშუალებით შევძელი აშშ-ში წასვლა. იმ პერიოდში საკმაოდ მძიმე ფინანსური პირობები გვქონდა ოჯახში, არ ვიცოდი რა საშუალებებით და მეთოდებით, თუმცა საბოლოოდ ვიცოდი, რომ წავიდოდი. ამის გაკეთება უკვე დამამთავრებელ კლასში შევძელი და წავედი. სკოლა კალიფორნიაში დავამთავრე. ბევრი სირთულისა და გამოწვევის მიუხედავად, საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ ჩემი პიროვნების, დამოუკიდებელი პერსონის ჩამოყალიბებაში ამ წლებს განსაკუთრებული როლი მიუძღვის. პირველად თავისუფლად და ასევე დამოუკიდებლად ავიღე პასუხისმგებლობები როგორც საკუთარ თავზე, ასევე ჩემს ოჯახსა და იმ ხალხის მომავალზე, რომლის წინაშე ყოველთვის ვგრძნობდი ვალდებულებას. ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი ვიყავი. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, როგორც აკადემიური, ასევე ცხოვრებისეული კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. პირველი, რაც ამ ყველაფერში დამეხმარა, იყო თავისუფლების მაღალი ხარისხი, რომელიც ყველა პიროვნების ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია, ასევე სხვა საჭირო თვისებები, რომლებიც დამეხმარა საკუთარი ადგილი დამემკვიდრებინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ამ წლებს ძალიან ვუმადლი. შემხვდა ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, ვმეგობრობდი როგორც მასწავლებლებთან, ისე საერთაშორისო სტუდენტებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებთანაც დღესაც ვაგრძელებ მეგობრობას და ვინარჩუნებ კონტაქტს. ამერიკაში წასვლამდე, გამოცდები ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული შესაძლებლობა, დავრჩენილიყავი და იქ მიმეღო ბაკალავრის ხარისხი, მაინც მივიჩნიე, რომ საბაზისო და ძირეული სამართლის ცოდნისთვის, ჩვენი ქვეყნის შიგნით უნდა მიმეღო განათლება. ამერიკის შემდეგ, როცა აქ დავიწყე სწავლა, ყველა მიმართულებით ბოლომდე დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი. უნივერსიტეტში ხშირად მიწევდა გაცდენა, რადგან მეორე კურსიდან სტაჟირების პროგრამა დავიწყე ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში. პირველი ხელფასი საკმაოდ სიმბოლური იყო იმ დროისთვის − 212 ლარი, დღესაც მახსოვს... თუმცა მას შემდეგ ძალიან კარგად წარიმართა ჩემი სამსახურებრივი გზა. მოგვიანებით, მქონდა მცდელობა ბიზნესშიც მომესინჯა ბედი. სწავლის პარალელურად, აჭარიდან პირველად გავიტანეთ ველური კენკრა შვედეთში, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი სიახლე იყო. მერე უკვე გადავედი გაეროს მიგრაციის ორგანიზაციაში, ჩვეულებრივ საშტატო თანამშრომლად, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვეხმარებოდი დამწყებ ბიზნესებს საქართველოს 7 რეგიონში, მათი სამეწარმეო ინიციატივების განხორციელებაში, საგრანტო პროგრამის მეშვეობით. შემდეგ იყო ფინანსური მომსახურების კუთხით კერძო ამერიკული კომპანია. ჩემთვის პროფესიასა და საქმეში ყოველთვის მნიშვნელოვანია აზარტი, გამოწვევები, მუდამ ვამოწმებ საკუთარ თავს, თუ სად შეიძლება გავაუმჯობესო როგორც საკუთარი თავი, ასევე ჩემი გუნდის წევრების შესაძლებლობები. ყოველთვის მიმაჩნია, რომ შედეგზე ორიენტირებული ჯანსაღი კონკურენცია, თუნდაც გუნდის შიგნით, აუცილებელია; ყოველთვის ვარჩევდი ისეთ გარემოს, სადაც ეს წინაპირობები იყო. ასევე გავიხსენებ, რომ ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე პატარა, მესამე კურსზე, როცა გაეროში დავიწყე მუშაობა. მაშინ იქ შტატიანი თანამშრომელი ცოტა იშვიათი მოვლენა იყო, თუმცა ამან მომცა ძალიან დიდი კონტაქტი ხალხთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის ბევრ ბენეფიციართან დღემდე ვინარჩუნებ ურთიერთობას − იქნება ეს სამცხე ჯავახეთი, კახეთი თუ შიდა ქართლი, რითაც ვამაყობ.
ამის შემდეგ ვმუშაობდი ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო ინოვაციურ საფინანსო კომპანიაში. ამასობაში მოვრჩი სწავლას, ამავდროულად კი, 21 წლის ასაკში დავოჯახდი. ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მქონოდა კავშირი აჭარასთან, ბათუმთან, რომელიც ჩემთვის ყველაზე საოცარი ქალაქია დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ვარ ნამყოფი, ბათუმში ცხოვრება ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი და ბედნიერებაა, სადაც მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემს არჩევანში ამ ფაქტორს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მოგვიანებით უკვე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამით, მეუღლესთან ერთად წავედი მაგისტრატურის გასავლელად. ბიზნეს-სამართალზე ვსწავლობდი, ვინაიდან იმ დროისთვის ჩემი ბექგრაუნდი უფრო ბიზნესის კუთხით იყო. შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი. სტერეოტიპია, რომ ერთ წარმატებას მოყვება მეორე, მეორეს მესამე, თუმცა ჩემ შემთხვევაში ყოველთვის და ყოველ ჯერზე ნებისმიერი ახალი საფეხურისთვის მიწევდა ბრძოლა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბრძოლისუნარიანობის კუთხით, ჩემი თვისებების ჩამოყალიბებაზე ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა, თან ყოველთვის, ყველაფრის მიღწევა კონკურენციის პირობებში მიწევდა. საქართველოში სასწავლებლად თითქმის ყველა პრესტიჟული გრანტი მაქვს მოპოვებული − როგორც სკოლის, ასევე შემდგომი სტუდენტური განათლების კუთხით. რა თქმა უნდა, მშობლების ინვესტიცია ჩემს აღზრდასა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდია. რაც შეეხება სწავლის ნაწილს, ამას ძირითადად პროგრამების ხარჯზე ვახერხებდი. ლონდონში კარგი შემოთავაზება მქონდა, თუმცა მიმაჩნდა, რომ საქმე, რომელსაც მე გავაკეთებდი, უფრო მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის იქნებოდა. არასოდეს მიმინიჭებია უპირატესობა ფინანსური მხარისთვის − ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემს ცოდნას და ენერგიას, ასევე გამოცდილებას, ჩემს ქვეყანას, რეგიონს მოვახმარდი. ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ იმ კომპანიაში დავიწყე იურისტად მუშაობა, რომელიც ხულოსა და შუახევში ჰესებს აშენებს. ვიმუშავე 4 წელი და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი პროფესიული გამოცდილება, რომელიც ოდესმე საერთაშორისო კომპანიაში მიმიღია. გავაკეთეთ ძალიან წარმატებული და დიდი პროექტი, რაც კი დაფინანსებულა საქართველოში, და რომელსაც მართალია დღესაც აქვს თავისი გამოწვევები, თუმცა მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მნიშვნელოვანი გახლდათ იმიტომ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მასშტაბის პროექტი თითზე ჩამოსათვლელია.
შემდეგ იყო გარკვეული ცვლილებები: მივიღე შემოთავაზება თბილისში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე. რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ადვილი არ იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დავთანხმდი და გავხდი მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა წევრი. 28 წლის ვიყავი, როცა დავინიშნე აღნიშნულ თანამდებობაზე. იყო ძალიან ბევრი საინტერესო გამოწვევა, ძალიან დიდი პროცესი, პირდაპირი პასუხისმგებლობის აღება იმ დარგში, რომელიც, ვფიქრობ, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ენერგეტიკა ეკონომიკის გაძლიერების წინაპირობას წარმოადგენს − ჩვენი მოსახლეობის დასაქმებისა და ყველა იმ სიკეთის მიღების კუთხით, რომელსაც ვცდილობთ ჩვენი ხალხისთვის მივაღწიოთ. აღნიშნულ პოზიციაზე დაახლოებით 6 თვე ვიმუშავე. შემდეგ გადავედი ენერგეტიკის განვითარების ფონდში, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ახორციელებს და მომავალში ჩვენს ქვეყანას წარმატებულად წარმოაჩენს. როგორი იყო გზა, რომელიც გამოიარეთ და როგორია ახლა? რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე?
გზა იყო საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. თავიდან რომ შემეძლოს ამ ყველაფრის დაწყება − როგორც ჩემი ცხოვრების, ასევე კარიერის, ალბათ მხოლოდ მინიმალურ კორექტივებს შევიტანდი. იმ გზაზე, რომელიც გამოვიარე, სირთულეების მიუხედავად, იყო ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, საინტერესო პროცესი და საინტერესო საქმე, რომელმაც აქამდე მომიყვანა და შემიქმნა საფუძველი, ვყოფილიყავი შესაბამისი კანდიდატურა ამ კონკრეტული პოზიციისთვის. დღეს, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუმცა მზად ვიყავი ამ პასუხისმგებლობისთვის. რა თქმა უნდა, აქ ე.წ. თამასა ძალიან მაღალია, არის ძალიან ფართო მიმართულების საქმე და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავე დროს, ჩემთვის, როგორც 29 წლის ადამიანისთვის, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა გეოგრაფიულ წერტილში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ჩემს გუნდთან ერთად, ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, გვინდა სერიოზული რეფორმები გავატაროთ ბევრი მიმართულებით; როგორც საზოგადოებაში, ასევე ეკონომიკაში ტრანსფორმაცია განვახორციელოთ. ამაში იმდენად დიდი აზარტი და დიდი ადრენალინია, რომ შეიძლება გადატვირთული რეჟიმის გამო ნაკლებად, ან სულ არ გეძინოს, თუმცა ყველაფრის დაძლევა ამ ადრენალინის ხარჯზე შესაძლებელი ხდება. ჩვენი მთავარი ხელწერა კარგი გამოცდილებაა, რაც ერთი მხრივ გულისხმობს კარგ სტარტს, მეორე მხრივ კი არის ენთუზიაზმი და ცვლილებებზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც რეგიონსა და ქვეყანას უკეთესად აქცევს. მთავარია ის, რომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ თანაბარი პირობები ყველა ადამიანისთვის − როგორც ბათუმსა და თბილისში, ასევე სხვა რეგიონებშიც. პრიორიტეტები ბევრია და ამ ნაწილში განსაკუთრებით გვინდა ჩავრთოთ ახალგაზრდები. მართალია ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა პროცესში, თუმცა კიდევ უფრო მეტად შეიძლება მათი პოტენციალის გამოყენება. თანაბარი პირობები როცა იქნება, უკვე ნიჭისა და შრომისმოყვარეობის საფუძველზე, ყველა ადამიანს შეეძლება გამოავლინოს თავისი თავი.
ის, რაც ყველაზე მეტად გენატრებათ...
ამ სამსახურში ყველაზე მეტად ორი რამ მენატრება − ძილი და ბავშვები. თუმცა, როცა მათ სძინავთ და ვუყურებ, პირდაპირ ვამბობ, რომ ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ახლა არა მარტო ჩემი შვილების წინაშე, არამედ იმ პატარების წინაშეც მაქვს, რომლებსაც იმ დროს სხვა ოჯახებში სძინავთ. შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობის ხარჯზე, ჩვენ უკანდახევისა და საქმის არკეთების ფუფუნება არ გვაქვს.
რა თვისებები უნდა ჰქონდეს ლიდერს, რომ იგი საზოგადოებამ შეიყვაროს, ენდოს და მოუსმინოს?
ლიდერს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის აღების უნარი, უნდა ფლობდეს გუნდურობის პრინციპებს, და მესამე და ყველაზე მთავარი − პრინციპულობა, რომლის გარეშე შეუძლებელია ლიდერმა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელოს. ლიდერის ცნება ყველა კონტექსტში ალბათ სხვაგვარად აღქმადია, თუმცა გამოვყოფდი ამ სამ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს.
რა არის თქვენი უარყოფითი და დადებითი თვისებები?
უარყოფითით დავიწყებ: ვარ საკმაოდ ფიცხი, თუმცა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვცდილობ ეს საქმეზე არ აისახოს. რაც შეეხება დადებითს, ეს ალბათ მიზანდასახულობაა, რომელიც ყოველთვის მაძლევდა საშუალებას, მიმეღწია იმისთვის, რასაც დავისახავდი. ასევე, პასუხისმგებლობა და ჯანსაღი ამბიცია, რათა იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ, იყო მოწინავე, შემდეგ კი, როცა მორჩები აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას, თავაწეულმა გააგრძელო სიარული ახალი მიზნებისკენ.
თქვენეული ბათუმი...
ბათუმი ჩემთვის არის სახლის განცდა. ყველა ადამიანს უნდა, შინ იყოს სითბო, წესრიგი, მომავლის რწმენა და სურვილი, რომ ეს მომავალი იყოს უკეთესი. ჩვენ გვჭირდება ბათუმი, რომელიც ერთი მხრივ არის ინოვაციური, მეგობრული, სტუმრებისა და ტურისტების მიმართ, და ამავე დროს, არ კარგავს ლამაზი საპორტო ძველი ქალაქის სულისკვეთებას, სადაც ყველა ბათუმელი იცნობს თავის თანაქალაქელს და პატივის სცემს ამ ურთიერთობებს. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ახლა ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ხარისხობრივად. ეს დიდი და ლამაზი შენობები კარგია. შესანიშნავია ამდენი ტურისტი, და კიდევ უფრო მეტი უნდა ჩამოვიყვანოთ, თუმცა მეორე მხრივ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბათუმში იყოს ხარისხის უფრო მაღალი შეგრძნება − იქნება ეს ინფრასტრუქტურაში თუ სერვისებში, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები და სტუმრები ყოველდღიურად იღებენ. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქში ყველა ბათუმელმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა და ბებია-ბაბუებმა, თავი იგრძნონ დაფასებულად, აქტიურად ჩაერთონ ქალაქის განვითარებაში.
აჭარის რეგიონში თუ გაქვთ გამორჩეული ადგილები, რომელსაც დაათვალიერებინებდით თქვენს სტუმრებს?
ბათუმში არის რამდენიმე კაფე, ძირითადად ძველი ბულვარის ტერიტორიაზე. ჩემთვის ძველი ბულვარი ბათუმის გამოხატულებაა, თუმცა იქ ბევრი რამ კარდინალურ ცვლილებას საჭიროებს და იმედი მაქვს, ჩემი მმართველობის დროს ამ ცვლილებებს განვახორციელებ. ასევე, მწვანე ტბა არის ერთ-ერთი ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს; მწვანე კონცხი, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ და მაჭახელას ხეობა, რომელთანაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. ეს ადგილები ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია და ვისურვებ მათ კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
როგორია აჭარის ტურისტული პოტენციალი და ამ მიმართულებით რა სახის ღონისძიებების განხორციელებას გეგმავთ?
აქ ბევრი შესაძლებლობა და გამოწვევაა. ზოგადად, ტურიზმი რეგიონში მზარდია, დინამიკურია, და ეს კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პრობლემა ხარისხობრივ ნაწილშია. ჩვენ დავაანონსეთ ერთგვარი ტურიზმის ელჩის პოზიცია, თუმცა ეს უფრო აჭარის ბრენდის ელჩი იქნება. შესაბამისად, ბრენდინგის მიმართულებით ვფიქრობ, რომ აჭარამ და ბათუმმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს. ჩვენი კონკურენტები უნდა იყვნენ პორტუგალიის, ესპანეთის ქალაქები, მათთან კონკურენცია კი ნიშნავს ხარისხობრივ ნაწილში სერვისებისა და პროდუქტების კუთხით განვითარებას. შემდეგ, უკვე იმ ადამიანებამდე, ვინც ამ კონკურენციაში არიან ჩართულნი, უნდა მივიტანოთ ბრენდის ცნობიერება. ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ ვიმუშავებთ ძალიან თანმიმდევრულად, სწრაფი ტემპით და ყველანი ერთად მოვინდომებთ, ხარისხი გავხადოთ ისეთი, როგორიც რეგიონის სტუმრებსა და ტურისტებს ესაჭიროებათ. ტურიზმი მაღალმთიანი აჭარისთვის ერთ-ერთი ძირითადი პერსპექტივაა, რადგან მოსახლეობის თანაბარ პირობებში ჩაყენება კონკრეტული ეკონომიკური ინსტრუმენტების პროცესების გარეშე შეუძლებელია. ტურიზმმა უნდა შეძლოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში დოვლათის შეტანა. მიმაჩნია რომ ახალგაზრდების, უფროსი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა და როგორც ქალაქში, ასევე სოფლად, ტურიზმის განვითარებას უნდა ჰქონდეს პერსპექტივა.
თქვენი დამოკიდებულება სპორტისადმი...
სპორტის რამდენიმე სახეობას აქტიურად ვადევნებ თვალყურს, ეს არის ფეხბურთი და კრივი. ფეხბურთში, 4 წლის ასაკიდან, „იუვენტუსს“ ვგულშემატკივრობ. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნაწილში უფრო მეტი წარმატება გვექნება. კრივი მომწონს თავისი მებრძოლი სულისკვეთებიდან გამომდინარე, რადგან სპორტის ეს სახეობა კარგად ასახავს თითოეული ადამიანის მიდგომას ცხოვრების მიმართ. შესაძლოა ერთმა ტრავმამ საერთოდ შეცვალოს შენი მომავალი, თუმცა ბრძოლისუნარიანობა, კარგად მომზადება და მიზანი, ამ ყველაფერს ამართლებს. შესაბამისად, თამასა მაღალია.
გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
მაგდა – ჩემი მეუღლე, მეგობრის კლასელი იყო. მეშვიდე ან მერვე კლასში ვიყავი, როცა გავიცანი. რაღაცნაირი იმპულსით ვიგრძენი, რომ ის ადამიანი იყო, რომელიც ძალიან ახლო იქნებოდა ჩემთვის. გაცნობიდან 4-5 წელი აღარ მინახავს, მერე ისე მოხდა, რომ სადღაც ისევ შემთხვევით შევხვდი და იქიდან განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. მე თბილისში ვსწავლობდი, ის − ბათუმში, ამიტომ ყოველი არასასწავლო დღე „გამოკიდებული“ ვიყავი ხან მატარებელზე და ხან სამარშრუტო ტაქსიზე. 21 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით. წინ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა, თუმცა ყველაფერი ერთობლივად გადავლახეთ და უკვე 9 წელია ერთად ვართ. რა თქმა უნდა, უპირველესად, მაგდა არის ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების არჩევანია, ასევე იმ ორი პატარა ქალ-ვაჟის დედაა, რომლებიც ჩვენს ოჯახში იზრდებიან. ვფიქრობ, მას ჩემი მიზნების მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის. ამისთვის კი, რა თქმა უნდა, მადლობის გარდა არაფერი მეთქმის. მიმაჩნია, რომ გამიმართლა და მაქვს ლამაზი ოჯახი. როცა ჩემი კანდიდატურა დასახელდა, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა შენიშვნა, რომ ვიყავი ზედმეტად ახალგაზრდა ამ პოზიციისთვის, თუმცა ვიტყვი, რომ მართლა ძალიან პატარა ასაკიდან ვარ პასუხისმგებლობის აღებას შეჩვეული. პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების წინაშე გამოიხატება, რომ გააკეთო საქმე, რომელიც გევალება, არ დაზოგო საკუთარი თავი და იყო ბოლომდე პრინციპული, შრომისმოყვარე, გააკეთო შესაძლებლობების მაქსიმუმი საკუთარი ქვეყნისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის.
რას ისურვებდით, რომ თქვენ შესახებ მოისმინოთ მომავალში?..
მინდა თქვან, რომ წესიერად და ღირსეულად ვემსახურე რეგიონს, რომ გავამართლე როგორც გუნდის, ასევე ხალხის ნდობა. აჭარის ნებისმიერ წერტილში, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა თქვან, რომ მე მნიშვნელოვნად შევძელი მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება ეკონომიკური კუთხით; შევძელი მათთვის გამეხსნა ახალი შესაძლებლობები. ყველა ის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და განვახორციელებთ მომავალში, არის ადამიანისთვის და ადამიანზე ორიენტირებული. შესაძლოა, მოკლე პერიოდში იდეალურად ვერ დალაგდეს ყველაფერი, მაგრამ მე მჯერა რომ ორწლიან ჭრილში ყველა ადამიანი იგრძნობს წარმატებას და პროგრესს, რაც მათ ოჯახებზე მნიშვნელოვნად აისახება.
საყვარელი მწერალი?..
მიხეილ ჯავახიშვილი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერალია. ასევე ბავშვობიდან მომწონს ნიკო ლორთქიფანიძე. ხოლო უცხოელი მწერლებიდან დოსტოევსკი დგას ჩემთან ყველაზე ახლოს. თუმცა სამწუხაროდ, ბოლო წლებში წიგნის კითხვის დრო ნაკლებად მრჩება.
ყველაზე მეტად რომელი აჭარული კერძი გიყვართ?
კერძებთან მიმართებაში არ მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, უპრეტენზიო ვარ, თუმცა ყველაზე მეტად მაინც აჭარული ხაჭაპური, სინორი და ბორეგი მიყვარს.
ის, რის გარეშეც არ შეგიძლიათ დღე გაატაროთ...
დისკომფორტი მაქვს, როცა ბავშვები არ არიან დილით ჩემთან. სხვა ისეთი არაფერი არ მაქვს, რაზეც შეიძლება ვიყო მიჯაჭვული და მის გარეშე ვერ დავალაგო დღე.
თქვენი გზავნილი ახალგაზრდებს...
როცა სასწავლო პროცესი დაიწყება, ახალგაზრდებთან უფრო აქტიურად და ინტენსიურად გვექნება შეხება. პირდაპირ გეტყვით, რომ აჭარაში ახალგაზრდების ჩართულობა არ მაკმაყოფილებს არცერთი მიმართულებით. ჩვენ მათ ხელს გავუწვდით და ვიცი, რომ ამ შეთავაზებას სიამოვნებით მიიღებენ. უპირველესად, მოვუსმენთ და ვნახავთ, თუ სად შეგვიძლია მათი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინება, მათი იდეების რეალიზაცია − ისე რომ, როგორც აწმყო, ასევე მომავალი, მათთვის იმედიანი იყოს. მე მინდა დავპირდე ყველა შრომისმოყვარე ახალგაზრდას, რომ ჩვენთან უამრავი შესაძლებლობა ექნებათ, რადგან ვართ ღია და ჩემი მმართველობის განმავლობაში ვაპირებ მათთან მჭიდრო კონტაქტს.
სამომავლო გეგმები...
ხელისუფლებაში დღეს გვაქვს ძალიან დინამიკური პროცესი. დაახლოებით 4-წლიან ჭრილში, მინდა ბათუმი იყოს თვისებრივად და ხარისხობრივად საერთაშორისო ქალაქი, საკუთარი სილამაზითა და ისტორიით. ზოგადად, აჭარას ვხედავ, როგორც მინიმუმ, აღმოსავლეთ ევროპასთან ერთ-ერთ გათანაბრებულ მხარედ, სადაც ჩვენ უფრო მეტი რესურსი გვეხარჯება მომავლის გაუმჯობესებაზე. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თანაბარი პირობები ჰქონდეთ როგორც ბათუმელ, ასევე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ბებია-ბაბუებს. ჩემთვის მთავარია, ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები განვითარებისთვის.