ერთხელ ბევრი ვიფიქრე: ცხოვრებაში უკანასკნელი წუთი რომ მქონდეს, რაზე ვისაუბრებდი-მეთქი და სასაუბრო თემად ბედნიერება ავირჩიე... მახსოვს, მაშინ ვთქვი, ბედნიერება ზესივრცული და ზედროული რამ არის, მთელი ემოციების სამყარო ჩემი სიყვარულიდან სხვების სიყვარულის ცქერამდე-მეთქი... უკვე ორი წელია OK!-ში ვწერ და არ მახსენდება არც ერთი ინტერვიუ, ბედნიერებაზე რომ არ ვესაუბრო ჩემს რესპონდენტებს...
ჩემმა ამჟამინდელმა რესპონდენტმა კი ასეთი რამ მითხრა: „ბედნიერებას ხელით ვერ შეეხები, ის არის მხოლოდ ემოცია, ის არ არის ნივთი ან სტატუსი, არც ფლობაა. „თხელი ნაქსოვია“ მეგობრებთან ურთიერთობის, მოგზაურობის, სიახლის, აზროვნების, გემოების, სურნელების და მუსიკის. ჰოდა აი, მეც გთავაზობთ ბედნიერების სამყაროში მოგზაურობას ძალიან საინტერესო დედა-შვილთან − PR-სპეციალისტ ნინა პერტენავასთან და მის ქალიშვილ ნუცასთან.
რას საქმიანობთ დღეს?
(ნინა): მე სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში ვსაქმიანობ, ასევე ვკითხულობ ლექციებს PR-ში და კონსულტირებას ვუწევ იმიჯისა და რეპუტაციის ფორმირების მიმართულებით.
(ნუცა): პროექტ „ჩემი სამზარეულოს წესების“ დასრულების შემდეგ, რამდენიმე საინტერესო რესტორანმა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მათ აინტერესებთ ქართული ძირძველი კერძების ჩემებური ხედვა და მეც კონსულტირებას ვუწევ, ერთად ვტესტავთ გემოებს − არ გვეშინია ექსპერიმენტების. სულ მალე ამ კერძების დაგემოვნების საშუალება ყველა მსურველს ექნება.
ნინა, დიდი ხანია რაც PR-ის სფეროში ხართ. მოგვიყევით, როგორია თქვენი კომპანიის საქმიანობა და ძირითადად რა სირთულეებს აწყდებით ამ სფეროში?
ამ სფერომ, მსოფლიო მასშტაბით, არსებობის 100 წელს გადააბიჯა, თუმცა ჩვენთან ამ სახით გასული საუკუნის 90-იანების ბოლოს დაიმკვიდრა ადგილი. ამ დროიდან მეც PR-ში ვარ. ჯერ ამერიკულ PR-სააგენტოში დავეუფლე პრაქტიკას, შემდეგ კი საკუთარ − „პერიტუს გრუპში“. „პერიტუსი“ ლათინურად „ექსპერტს“ ნიშნავს და ეს ნიშა ავირჩიეთ ჩვენც. ხარისხზე ორიენტირებულები ვართ და კლიენტებიც ასეთი გვყავს. აქაც სირთულე ისეთივეა, რაც ყველა დარგში. ჩვენთან ხშირად ჰგონიათ, რომ ყველაფერში ერკვევიან. ჯერ აკეთებენ და როდესაც რაღაც არ ამართლებს, მოდიან დახმარებისთვის. კორექტირება და კრიზისული PR-ი კი უფრო რთული პროცესია.ნუცა ბავშვობაში...
(ნინა): ნუცა თავიდანვე იყო ციცინათელა ბავშვი, ყოველთვის ცდილობდა სამყარო უკეთესობისკენ შეეცვალა, სკოლაში ითხოვდა საგნებად ესწავლებინათ სიკეთე, ადამიანურობა, სხვებზე ზრუნვა. ბულინგს და უსამართლობას ვერ ეგუებოდა, ძალიან პრინციპული იყო.
ნუცა, როგორც ვიცი, დღეს პარიზის ერთ-ერთ შეფმზარეულთან ხართ სამუშაოდ მიწვეული. როდის მიხვდით, რომ ეს სფერო გაინტერესებდათ?
ყოველთვის მიზიდავდა ეს სფერო. ჩემზე ბავშვობიდან მომაჯადოებელ ეფექტს ახდენდა, თუმცა, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, მაშინ დავფიქრდი სერიოზულად. მინდოდა ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც ძალიან მეყვარებოდა და არ მომბეზრდებოდა.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის სექტემბრის ნომერში...