წელს “ბლექ სი არენას“ სცენაზე ქართველ თუ უცხოელ მსმენელს კიდევ ერთხელ შეეძლება ადგილობრივი თუ მოწვეული არტისტების შემოქმედებით საღამოებს დაესწრონ. პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მასში ბევრი ყველასთვის საყვარელი შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.
4 აგვისტოს, „Check In Georgia“-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ აშშ-ში მოღვაწე ბრწყინვალე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, პოპისა და ჯაზის ამომავალი ვარსკვლავის - გიორგი მიქაძის პროექტი „Voisa“ გაიმართება. აშშ-დან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოფრინდება All-star ბენდი, ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის შემადგენლობით.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ, სპეციალურად ამ პროექტისთვის, მოიწვია აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი რეიდარ ელისი.
პროექტში მონაწილეობს ანსამბლი „ბასიანიც“.
11 აგვისტოს კი, „ბლექ სი არენას“ სცენას ანსამბი „შვიდკაცა“ და „Take 6“-ი დაიკავებენ, „შვიდკაცას“ საიუბილეო კონცერტი ანსამბლის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიების სპეციალური სტუმარია 10 გრემის მფლობელი ამერიკული აკაპელა - ჯგუფი „Take 6“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.
16 აგვისტოს კი, გულშემატკივრებს შესაძლებლობა ეძლევათ ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოს დაესწრონ, რომელშიც კრის ბოტიც მიიღებს მონაწილეობას. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელაც.
24 აგვისტოს არენაზე ჯგუფ „სახის“ სოლოკონცერტი გაიმართება, რომელიც ნოსტალგიური მელოდიებს ახლო წარსულიდან და ახალ, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ჰიტებს წარმოგვიდგენს. ახალი ალბომის პრეზენტაცია სახის ახლად შექმნილი ბენდის, მოცეკვავეებისა და მათი სტუდიის უნიჭიერეს მომღერლებთან ერთად შედგება. საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით „ფოეთრი ენ მოუშენის“ წევრი მაიკლ უილიამსიც დაესწრება.
28 აგვისტოს მსმენელს ლეგენდარული ანსამბლის „ივერია“ ცნობილ მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილი“ ნახვა შეეძლებათ და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მიუზიკლი კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური არენის სცენას დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ დაინტერესებულ პირებს კონცერტებზე დასასწრები ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ tkt.ge-ს ოფიციალურ საიტზე.